რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლების შენობებში სწავლა 5 სემესტრის შემდეგ განახლდა

2023-09-20 15:21:54

რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლების შენობებში 2,5 ნახევრის შემდეგ სასწავლო პროცესი განახლდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა იამანიძემ განუცხადა, 25-ე სკოლაში რეაბილიტაცია სრულად დასრულებულია, ხოლო 26-ე სკოლის შემთხვევაში, ერთ შენობაში დასრულებულია, მეორე შენობაში კი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და ისიც მალე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 25-ე და 26 საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერები 2020 წელს გამოცხადდა.

გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. "სეისმომედეგობა+-მა" სამუშაოების შესრულება 2021 წლის პირველივე ნახევრიდან დაიწყო.

თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიას სამუშაოები ჯერ კიდევ 2021 წლის 16 დეკემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადები რამდენჯერმე დაარღვია.

მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა შემსრულებელი კომპანია ვადების დარღვევის გამო დააჯარიმა კიდეც, საბოლოოდ კი ხელშეკრულება გაწყვიტა.

2023 წლის 28 აპრილს, აღნიშნული სკოლების სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა საპროტესტო აქციაც გამართეს და სკოლების დროული რეაბილიტაცია მოითხოვეს.

მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით 7 200 136 ლარის ღირებულების ახალი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია შპს "მგდ-მ" გაიმარჯვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები