რუსთავში კლდიაშვილის ახლადრეაბილიტირებულ სკვერში მედიათეკა გაიხსნა.
მედიათეკა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სივრცეა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაატარონ თავისუფალი დრო, მიიღონ არაფორმალური განათლება, შეხვდნენ მათთვის საინტერესო ადამიანებს, წაიკითხონ წიგნები, როგორც ბეჭდური ასევე ონლაინ.
მედიათეკა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილთან, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
"რუსთავში ახალგაზრდებთან ერთად დაწყებული რეფორმის საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა ბიბლიოთეკების განვითარებასა და ახალი კონცეფციის ჩამოყალიბებას, დღეს გავხსენით მედიათეკა, რომლის ყველა დეტალიც ახალგაზრდებთან ერთად არის შეთანხმებული, მორგებულია მათ საჭიროებებზე და მოთხოვნებზე. დღეიდან რუსთაველ ახალგაზრდებს ექნებათ ამ სივრცის გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმას, რადგან დღეს სხვადასხვა მიმართულებით გვჭირდება განვითარება, წინსვლა და სწორედ ისეთი სერვისების შეთავაზება, რომელიც იქნება ორიენტირებული და მორგებული თითოეულ რუსთაველზე.
რაც შეეხება მედიათეკას, ბიბლიოთეკების რეფორმა გულისხმობს, რომ უფრო დავუახლოოთ ეს სერვისი ახალგაზრდებს. ახალგაზრდებს აქვთ ახალი საჭიროებები, განვითარდა ტექნოლოგიები, არის ახალი მოთხოვნები. სწორედ მათთან ერთად დაიგეგმა ახალი კონცეფცია, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც მათ აქვთ. სივრცე არის ადაპტირებული, ნებისმიერი შესაძლებლობის ახალგაზრდას ექნება ღირსეულად სერვისის მიღების შესაძლებლობა. გვექნება ძალიან საინტერესო შეხვედრები, იქნება საკმაოდ დატვირთული და ახალგაზრდული ცენტრი იქნება რუსთაველი ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.