საწვავზე მაღალი ფასის გამო 5 კომპანია დააჯარიმეს

2023-08-18 12:43:21

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც ერთი წლის წინ, 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო.

საკითხი ეხება - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს "ლუკოილ-ჯორჯიას", სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას", შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" და შპს "რომპეტროლ საქართველოს" მიერ  "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა.

▪️კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.
▪️დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის  მონიტორინგს აგრძელებს.