საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში იყო, დადგინდა, რომ ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება და ჯანმრთელად არის.
ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.
„ამდენი ნეგატივის შემდეგ, ერთი იმედის მომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია, გითხრათ. იყო დაფიქსირებული ცხელ ხაზზე და 112-შიც, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო, ოპერატიული-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ზურაბ ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში, თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით კითხვები არსებობს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
მისივე თქმით, ოპერატიული-სამძებრო სამუშაოების შედეგად ზურაბ ბიბილეიშვილი პოლიციამ თბილისში აღმოაჩინა.