"ექვსი დღის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო შესრულდა"

2023-08-08 20:35:35

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები დღის ბოლოს კიდევ ერთხელ შეაჯამა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც სტიქიის ზონაში მუშაობს, ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს უწყვეტად ასრულებს.

"ექვსი დღის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო შესრულდა. არსებული პირობების გათვალისწინებით, მაქსიმუმი კეთდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხიდის მონტაჟი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა არეალში მაქსიმალურად გავშლილიყავით. მნიშვნელოვანია, რომ პერიმეტრი, შეძლებისდაგვარად, სრულად მოვიცვათ და შესაბამისი მისასვლელები მოვაწყოთ, რათა მაშველებმა, საჯარისო ნაწილებმა ტექნიკის მეშვეობით უფრო მეტი არეალის დამუშავება შეძლონ.

ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ყველა, ვინც მონაწილეობს ამ მძიმე სამუშაოებში. ესენი არიან მაშველები, საჯარისო ნაწილები, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები, კონტრაქტორი ორგანიზაციები და თითოეული ის ოპერატორი, რომელიც მძიმე ტექნიკაზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს“, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონაში უკვე მოეწყო ალტერნატიული გზა, რომლის საშუალებითაც სამუშაოები ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიაზე განხორციელდა. მოხერხდა მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნება, რის შემდეგაც არეალში ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის 90-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა რვა მდებარეობაზე მუშაობს. თუმცა, მალე შესაძლებელი იქნება სამუშაო არეალის გაფართოება და იქ, სადაც, ამ ეტაპზე, მხოლოდ ფიზიკური ძალა მუშაობს, ტექნიკაც შევა.

შეგახსენებთ, რომ შოვში სტიქია 3 აგვისტოს მოხდა, რომელსაც დადასტურებული ცნობით 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 4 რუსთაველია. ამ დრომდე მიმდინარეობს 15 ადამიანის სამძებრო სამუშაოები.