ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შოვში დაღუპული 18 პირიდან 14 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 16 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობს.
როგორც ხიდეშელი აცხადებს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გამოცხადდა გლოვის დღედ.
მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც შეეხება სტიქიის ზონას, 18 მოქალაქე არის გარდაცვლილი, აქედან 14 იდენტიფიცირებულია, ჯერ კიდევ იძებნება 16 მოქალაქე. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან შესაბამისი უწყებები. მინდა, ამისთვის მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა.
80 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკაა ჩართული სტიქიის ზონაში და შვიდ ძირითად ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც შესაძლოა დაღუპულები ყოფილიყვნენ. ასევე, სხვა ტერიტორიებზეც მიმდინარეობს ძებნა“,– განუცხადა ხიდეშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.