180 ათასამდე მომხმარებელს სესხის საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

2023-08-02 13:02:53

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25% იქნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ შემცირდება რეფინანსირებაზე (დაახლოებით 180 ათასამდე მომხარებელი) მიბმული სესხების საპროცენტო განაკვეთი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, წლის განმავლობაში ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია.

„მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ჯერ კიდევ საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება. გარდა ამისა, შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები კვლავ გასათვალისწინებელია. ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნება წარმოების ხარჯებს გააძვირებს და საბოლოოდ ფასებზეც აისახება“, — თქვა მან.

ამ რისკების გათვალისწინებით, ნათია თურნავას თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს და წინა სხდომაზე უცვლელად დატოვების შემდეგ, მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით ამცირებს.

„ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს“, — განაცხადა მან.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება.