ბრალდებული ტურისტული სააგენტოს სახელით მოქალაქეებს ატყუებდა

2023-07-31 20:39:58

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სამოგზაურო ტურების ორგანიზებას სთავაზობდა. ის დაინტერესებულ მოქალაქეებს ცრუ დაპირებას აძლევდა, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ავიაბილეთების შეძენას და ასევე სასურველი სასტუმროების შერჩევას და დაჯავშნას უზრუნველყოფდა.

ბრალდებული მეტი დამაჯერებლობისთვის მოქალაქეებს სხვადასხვა სასტუმროების ფოტოებს აჩვენებდა და თითქოსდა შეძენილი ავიაბილეთების მონაცემებს უგზავნიდა, რითაც მათ კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდა. ამ გზით ბრალდებული 32 მოქალაქის კუთვნილ 81 815 ლარს დაეუფლა.