სასამართლო დავა რუსთავის მერიასა და სავაჭრო ობიექტს შორის

2023-07-06 18:49:11

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და შარტავას გამზირზე არსებულ სავაჭრო ობიექტს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შარტავას მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, მფლობელებს ობიექტის სხვა, ალტერნატიულ მისამართზე გადატანა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

"ამ ჯიხურთან დაკავშირებით, რომელიც აქაა განთავსებული, ჩვენ სასამართლო დავა გვაქვს. ძალიან ბევრი ამბობს, რომ რუსთაველია, უყვარს ქალაქი, მაგრამ როდესაც ქალაქს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, სამწუხაროდ, ამაზე უარს ამბობენ.

ჩვენ ამ ჯიხურის მფლობელებთან გვქონდა კომუნიკაცია, მათ ვთხოვეთ, რომ ალტერნატივა შემოეთავაზებინათ და მზად ვიყავით, სხვა ადგილზე გადაგვეტანა იმიტომ, რომ სწორედ მანდ გდიოდა წყლის კომუნიკაციები, სხვადასხა სისტემები, სწორედ მანდ უნდა მოწყობილიყო გაჩერება და სამწუხაროდ, დავიწყეთ სასამართლო დავა, ერთი ინსტანცია მოვიგეთ და ახლა გვაქვს შემდეგ ინსტანციაზე საუბარი", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

სავაჭრო პავილიონის ადვოკატის, გურამ კონტურაძის თქმით, ობიექტის მფლობელებმა სრულიად მოულოდნელად მიიღეს მერიისგან ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საკუთრებაში არსებული კერძო ქონების დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო.

"2022 წლის 25 აგვისტოს, სრულიდან მოულოდნელად, ჩვენი კლიენტი იღებს წერილს 2013 წლის 35 წლიანი იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. საგულისხმოა ასევე ისიც, რომ რუსთავის მუნიციპალურმა ინსპექციამ ასევე გამოგვიგზავნა შეტყობინება, განგვეხორციელებინა ჩვენს მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების დემონტაჟი.

ერთის მხრივ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ამზადებს პროექტს, პროექტის საფუძველზე აცხადებს ტენდერს, ტენდერის შემდგომ იწყებს სამუშაოებს და მხოლოდდამხოლოდ 2022 წლის აგვისტოს თვეში იგებს ჩვენი კლიენტი, რომ მისი მფლობელობა უნდა გაუქმებულიყო და ამასთანავე, მიუხედავად ყველა არსებული დოკუმენტაციის კანონიერებისა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მოითხოვს სავაჭრო პავილიონის დემონტაჟს.

რუსთავის მუნიციპალურ ინსპექციაში წარდგენილ იქნა ყველა არსებული დოკუმენტაცია და შესაბამისად, რადგანაც სავაჭრო პავილიონი კანონიერ საფუძველზე იყო და არის განთავსებული, შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება. რაც შეეხება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას, ჩვენი კლიენტის მიერ მიმართულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის და მოთხოვნილ იქნა, შეჩერებულიყო რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 25 აგვისტოს ბრძანების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე", - განაცხადა ადვოკატმა გურამ კონტურაძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები