ივნისის თვეში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 367 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, ეს მაჩვენებელი რეკორდულია და დაკბენების მსგავსი რაოდენობა აქამდე არ ყოფილა.
"რეკორდულია თავისი მაჩვენებლით. 367 დაკბენაა თვის განმავლობაში. 15 წლამდე მოზარდი 153 მათ შორის. მოხეტიალე, უპატრო ცხოველი 36-ია, პატრონიანი 331. 18-ია უპატრონო ძაღლის მიერ დაკბენილი, ასევე უპატრონო კატის დაკბენაა 16, პატრონიანი ძაღლის დაკბენა 234-ია. 6 კურდღლისა და 4 ზღვის გოჭის ნაკბენია",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ირაკლი ჯანგულაშვილმა.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.