ჯარიმები ზრდება

2023-06-23 21:10:29

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების დარღვევაზე საჯარიმო სანქციები იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ ინიცირებული "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები მიმდინარე წლის 27 ივნისიდან ამოქმედდება.

ცვლილებები შეეხო ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს წიაღით სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებს. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დარღვევათა დიფერენცირება მოხდა. აღნიშნული ხელს შეუწყობს, მომპოვებელი სუბიექტების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის პრევენციას და სათანადო სანქციის განსაზღვრას.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქცია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებთან მიმართებით არ აკონკრეტებდა სამართალდარღვევების კონკრეტულ შინაარსს. ამასთან, მხოლოდ ორ ნაწილად იყო დიფერენცირებული.

ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, კოდექსში ცვლილებით გათვალისწინებულია დარღვევათა დიფერენცირება. ასევე, ქმედებათა შინაარსის მაქსიმალურად დაფარვის გზით, ნორმაში კონკრეტული ჩამონათვალი გაკეთდა. ეს ცალსახად დააზღვევს არასათანადო სანქციის დაწესების რისკსა და შექმნის ლიცენზიის მფლობელთა მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, მათ მიმართ ადეკვატური სახდელის გამოყენების შესაძლებლობას.

რიგ დარღვევებზე სანქციები იზრდება, რაც მიზანშეწონილია ვინაიდან მათი განსაზღვრისას გათვალისწინებულია სამართალდარღვევის ხასიათი, მისი სიმძიმე და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების ხარისხი. სახდელის მინიმალურ ოდენობად კვლავ რჩება 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური სახდელი განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით",- ნათქვამია ინფორმაციაში.