პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

2023-06-22 21:25:12

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

"დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს.

მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ევროპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ იზამთ, ეს მოხდება, ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება",- განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინზე.