შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 3 პირი: 1973 წელს დაბადებული ა.ს. , 1984 წელს დაბადებული ვ.ე. და 1971 წელს დაბადებული მ.წ. დააკავა, ხოლო ერთ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - ე.მ.-მ და ა.ს.-მ მოქალაქეთა პირად მონაცემებში უნებართვოდ შეაღწიეს და სხვადასხვა ანგარიშზე არსებული თანხა, როგორც მათ კუთვნილ ასევე, თანამზრახველების - მ.წ.-ს და ვ.ე.-ს ანგარიშებზე გადარიცხეს
კიბერდანაშაულის შედეგად, ფინანსური ზარალი 24 მოქალაქეს მიადგა, რაც 9 000 ლარს აღემატება.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.