რუსთავის ბიუჯეტი 112 მილიონ ლარამდე იზრდება. ამის შესახებ დღეს ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა.
დამატებით მობილიზებული თანხები სხვადასხვა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გადანაწილებული.
"ჩვენი გუნდის ძალისხმევით, რუსთავის ბიუჯეტი 108 მილიონი ლარიდან, 112 მილიონ ლარამდე იზრდება, რაც თავისთავად არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქალაქისთვის, ახალი პროექტების დასაგეგმად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტების მიღმა, ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები და რუსთავის განვითარება დგას, ქალაქის საკრებულოს სხდომის უმოკლეს ვადაში მოწვევისკენ და გადაწყვეტილების უმოკლეს ვადაში მიღებისკენ მოვუწოდებთ.
რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელიც გაზრდილი ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყიდოთ 20 ახალი ავტობუსი უმოკლეს დროში, რომელიც რუსთავი-თბილისის მიმოსვლას მოემსახურება, გააუმჯობესებს და გახდის უფრო კომფორტულს. ასევე, პრემიერის მხარდაჭერით, რუსთავში აშენდება 2 ახალი საბავშვო ბაღი. დაინიცირებული გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის რუსთავი-თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა. ასევე ამ ცვლილებებით გაიზრდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის დაფინანსება, რაც იყო მშობლების ძალიან დიდი მოთხოვნა. თანხები იზრდება დასუფთავების მიმართულებით, რომ ქალაქი კიდევ უფრო მოვლილი და დასუფთავებული იყოს. დაგეგმილი გვაქვს საექსპერტო მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხების მატება, რაც ავარიული შენობების რეაბილიტაციისას არის ერთ-ერთი მთავარი ეტაპი. მცირედით, თუმცა მაინც გაიზრდება თანხები თეატრის დაფინანსებისთვის. და ბოლოს, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1-ელი ივლისიდან რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებსა და კონტროლიორებს ხელფასი გაეზრდებათ", - აღნიშნა ლაცაბიძემ.