მაღაზია "უნოს" დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

2023-06-08 13:29:39

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს "უნოს" მხრიდან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, საქმის ხელახალი შესწავლა განახორციელა.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, მაღაზია "უნოს" მიმართებით დარღვევის ფაქტი დადგინდა.

"კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების, ასევე, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

საკითხი ეხებოდა - შპს "უნოს" და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის, 2023 წლის 10 თებერვალს, გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებას. შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრეს ევალებოდა - შეთანხმების ხელმოწერიდან 2 (ორი) თვის ვადაში, სააგენტოს მიერ გაცემული მითითების შესრულება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 7 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 80 საქმეზე - 44 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 41 საქმეზე გაფორმებულ 22 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის მაისის ჩათვლით, სააგენტოში 240 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 149 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 23 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 10 დარღვევის ფაქტი, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.