რუსთავის ეზოებში თვითნებურად მოწყობილი შემაფერხებლების აღება დაიწყო

2023-06-08 12:59:24

რუსთავში, თვითნებურად ჩახერგილ ეზოებში, შემაფერხებელი კონსტრუქციების აღების პროცესი მიმდინარეობს.

მუნიციპალურმა ინსპექციამ სამუშაოები მე-19 მიკრორაიონიდან დაიწყო და რამდენიმე მისამართი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ხელოვნურად მოწყობილი ბარიკადებისგან უკვე გაათავისუფლა. 

სამსახურის ხელმძღვანელის, ბაჩო ხაჩიძის თქმით, ეზოებში გადაკეტილი გზის გახსნა მოქალაქეებთან მოლაპარაკების საფუძველზე ხდება, ის ამხანაგობა კი, რომელიც ისევ განათავსებს კორპუსთან ხელოვნურ შემაფერხებელს, დაჯარიმდება. 

"დავიწყეთ და უკვე გავწმინდეთ მე-19 მიკრორაიონის ერთი ნაწილი. ვხვდებით მოსახლეობას და ეტაპობრივად მივყვებით. ვინც ნებაყოფლობით იღებს, იღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი სამსახური აკეთებს ამას. ერთმა უბანმა მაგალითად, რომ ნახეს ვიღებდით, ყველანაირი მითითების გარეშე აიღეს.

ეზო ხომ გამიჯნულია, არის თანამესაკუთრეობა და ხელმძღვანელი ჰყავს ამ თანამესაკუთრეობას, თუ ისევ დააყენებენ და მოხდება ამის დაფიქსირება, თანამესაკუთრის ხელმძღვანელი დაჯარიმდება, გადაღობილს კი მაინც ავიღებთ. ჯარიმა 500 ლარიანია, განმეორების შემთხვევაში კი, 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან", - აცხადებს ბაჩო ხაჩიძე.

აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟებს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებასა თუ სამაშველო სამსახურს ხელოვნური ბარიერები მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის და მოქალქეებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, გარკვეული პრობლემები ექმნებათ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები