საზაფხულო სეზონის მოახლოებასთან ერთად სს "ენერგო-პრო ჯორჯია" მოსახლეობას ელექტროგამანაწილებელ ქსელთან უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში თევზაობა და ბანაობა სიცოცხლისთვის საშიშია.
მათივე ცნობით, ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა მოწყობილობების მიმდებარე ტერიტორიაზე თევზაობა განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს, რადგან თევზაობის პროცესში არ არის გამორიცხული, ანკესის ან ბადის ნაწილი შემთხვევით შეეხოს სადენს, რითაც ირღვევა გაბარიტი და საფრთხე ექმნება მეთევზისა და მის გარშემომყოფთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, კომპანია აქტიურ კამპანიას აწარმოებს უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ასამაღლებლად და კიდევ ერთხელ აფრთხილებს დამსვენებლებს, გაითვალისწინონ ელექტროქსელში დადგენილი უსაფრთხოების წესები, რათა დაცული იყოს ადამიანთა სიცოცხლე.
"რეკრეაციულ და დასასვენებელ ზონებში აქტიური დასვენების, თევზობის თუ სხვა საქმიანობისას აუცილებელია, მოვერიდოთ ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობებთან, ხაზებთან, ქვესადგურებთან მიახლოებას. თავი შევიკავოთ, მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ შესვლისგან, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლეს", - აცხადებენ კომპანიის ტექნიკურ სამსახურში.
ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია!
"გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის. ყურადღება უნდა მიექცეს ასეთ ზონებში კომპანიის მიერ განთავსებულ გამაფრთხილებელ ნიშნებს.
იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქსელში შეინიშნება რაიმე სახის ავარიული ან სახიფათო მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 0322471707", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.