რის გამო შეიძლება დაჯარიმდეთ 300 ან 500 ლარით

2023-05-31 15:18:47

გზაზე, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ობიექტების დაზიანებაზე ჯარიმები უკვე ამოქმედდა.

ვანდალიზმის ფაქტებზე სანქციები 2023 წლის 30 მაისიდან ამოქმედდა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტმა მაისის დასაწყისში დაამტკიცა, რომლის მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.

აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატებოდა.