იცოდი? - რომ რუსთავში გერმანელი ტყვეების 3 ბანაკი არსებობდა

2023-05-27 18:07:32

იცოდი? - სად ცხოვრობდნენ რუსთავში მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ტყვედ ჩამოყვანილი გერმანელები, რომლებიც ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის ტყვეობაში აღმოჩენილი რამდენიმე ათასი გერმანელი, უნგრელი, ავსტრიელი და სხვა ეროვნების ადამიანები საქართველოში ჩამოიყვანეს.

ტყვეთა ბანაკები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოეწყო, მათ შორის იყო ახლად დაწყებული მშენებარე ქალაქი რუსთავიც.

ჭყონდიდლის დასახლებაში ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი რამდენიმე ათასი სამხედროსთვის ბარაკის ტიპის სამი ბანაკი მოეწყო. ტყვეების ძირითადი ნაწილი გერმანელები იყვნენ.

მათ 1944 წლიდან რუსთავში მიმდინარე საწარმოო ზონისა და დასახლებული ადგილების მშენებლობაში უფასო მუშა ხელად იყენებდნენ. ჩანაწერების მიხედვით, ამავე წელს ფიქსირდება პირველი გერმანელი ტყვის გარდაცვალებაც.

ტყვეების უმრავლესობას ომის დროს მიღებული ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა.

2017-2018 წლებში ჭყონდიდლის დასახლებაში, ყოფილი სავენტილაციო ნაკეთობათა ქარხნის გვერდით გერმანელი ტყვეების სასაფლაოების გათხრები მიმდინარეობდა, რომლის დროს 2000-მდე ტყვის ნეშტი აღმოაჩინეს.


ჩანაწერების მიხედვითვე ბოლო გერმანელი ტყვის გარდაცვალება 1949 წლის თებერვლით თარიღდება. მათი უმრავლესობა სხვადასხვა დაავადებით ან შიმშილისგან გარდაიცვალა.


1950 წლიდან რუსთავიდან და ზოგადად საქართველოდან ცოცხლად დარჩენილი ტყვეების მასიური გადინება მოხდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები