გორი საქართველოს ქალაქებს შორის ერთ-ერთი უძველესია. შიდა ქართლის ადმინისტრაციული ცენტრი დატვირთულია როგორც ისტორიული, ისე კულტურული მნიშვნელობით. ჩვენი სტატიის მიზანია, ავამაღლოთ ცნობიერება ქალაქი გორის შესახებ, გავეცნოთ მის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ათასწლეულების მანძილზე შემოინახა. ქალაქი გორის შესახებ ისტორიული წყაროები ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში გვხვდება, როდესაც ისტორიკოსი ჯუანშერი თავის ნაშრომში მე-7 საუკუნის მოვლენების კონტექსტში ახსენებს გორს. ისტორიკოსის გადმოცემით, ქართლის მაშინდელმა ერისმთავარმა, სტეფანოზმა, მემკვიდრეობით დაუტოვა განძი შვილს, არჩილს. არჩილმა მიღებული ქონება საიდუმლოდ დაფლა მთის ძირას, რომელსაც ტონთიოს სახელით იცნობენ. ამ ადგილას არსებულა გორის ციხე, ციხის გარშემო კი - ქალაქის ტიპის ნამოსახლარი. ქალაქის სახელწოდებაც სწორედ ამ კლდოვანი გორაკისგან წარმოდგება. მე-7 საუკუნის პირველი ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი გორიდან 12 კმ-ში, ატენის ხეობაში მდებარეობს. ტაძარი აშენებულია მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე. ატენის სიონის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდში გაკეთებული ასომთავრული წარწერები და მინაწერები. მათში მოხსენიებული არიან ისტორიული პირები; აღნიშნულია კონკრეტული თარიღები და ცნობებიც. აღნიშნულ წარწერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ქართლის, არამედ მთლიანი საქართველოს ისტორიულ, კულტურულ კონტექსტში უკეთ აღსაქმელად და ენისა თუ პალეოგრაფიის საკითხების კვლევის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ტაძრის მოხატულობაც. ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად ქვის ზედაპირზე გამოვლინდა უძველესი დეკორის ფრაგმენტები: წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია აფსიდების კონქში, თაღებში, ასეთივე საღებავით შემოხაზული რელიეფური ჯვარი გუმბათში. ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნის მეორე ნახევარში. ესქპერტები წერის მანერისა და ტექნიკური ხერხების შესწავლის შედეგად განარჩევენ რამდენიმე მხატვრის ხელს. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი შეიქმნა 1935 წელს და თავდაპირველად მხარეთამცოდნეობის მუზეუმს წარმოადგენდა. მისი დაარსება ი. ჯავახიშვილის, ს. მაკალათიასა და ი. ყიფშიძის სახელებს უკავშირდება. 1943 წელს გადაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმად, ხოლო 2005 წელს ს. მაკალათიას სახელი ეწოდა. მუზეუმის დაარსების პირველივე წლებიდან ინტენსიურად ტარდებოდა საველე-საექსპედიციო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რომელთა შედეგად მოპოვებული ექსპონანტები დღემდე შემონახულია გორის მუზეუმში. მუზეუმი მოიცავს 85 ათასამდე ექსპონანტს, მათ შორის არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ მასალას, ქართულ და არაბულენოვან ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ხელნაწერ და პირველნაბეჭდ წიგნებს, სიგელ-გურჯებს, საარქივო მასალებს, ფოტოთეკას, სამეცნიერო ბიბლიოთეკას. გორის მუზეუმში შემონახული ბრინჯაოს ხანის მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის იარაღები, ლითონწარმოებისა და მცირე ქანდაკების ნიმუშები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან მათი შესწავლით წარმოდგენა გვექმნება წინა აზიისა და ქართველურ ტომთა უძველესი კულტურების მჭიდრო კავშირზე. ატენის ციხე, სხვანაირად საცივის ციხის და ორბელიანის ციხის სახელით ცნობილი, მე-10-11 საუკუნეებში აშენდა ატენის ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტში. ციხე აგებულია მაღალ კლდეზე, რომელსაც სხვადასხვა მხრიდან ჩამოუდის საცივისხევი და აბანოსხევი. ციხე დიდი ზომით არ გამოირჩევა, თუმცა მის სტრატეგიულ მნიშვნელობას ისტორიულად ძნელადმისადგომობა განაპირობებდა. ნაგებობა (38,4 X 17,2 მ) ძირითადად ორი მონაკვეთისგან შედგება. ჩრდილოეთის მონაკვეთი შედარებით პატარაა. დიდი და მთავარი მონაკვეთი მდებარეობს სამხრეთით. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ბურჯებით გამაგრებული გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვა ნაგებობებია. X საუკუნეში ატენის ციხე კლდეკარის ერისთავებს ეკუთვნოდათ. ცნობილია რომ რატი ერისთავმა ერთიანობისათვის მებრძოლ ბაგრატ III-ს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრა ბოლოს იძულებული გახდა, რომ ციხე მეფისათვის გადაეცა, მას შემდეგ ციხე ქართველ მეფეთა საკუთრება იყო. ხელოვნების სახლი თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. სახლი 2020 წელს “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” წევრებმა გახსნეს. დღეის ჩათვლით მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტებისა და გამოფენების სერიები, რომელთაც სხვადასხვა დაწესებულებები და ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს. ხელოვნების სახლის მთავარი მიზანი ფოტოგრაფიის ხელშეწყობაა, რისთვისაც აქ რეგულარულად იმართება ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების გამოფენები. ვინაიდან სივრცე მრავალსექტორულია, ის ხელს უყწობს ფართო აუდიტორიის მოზიდვას და პროცესში სხვადასხვა სფეროს ჩართვას. საბოლოოდ, ხელოვნების სახლის მნიშვნელობა გორის საზღვრებს სცდება და მთელ საქართველოს მოიცავს. როგორც ვნახეთ, გორს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს, რომელიც მოიცავს როგორც უძველეს ისტორიულ ძეგლებს, ისე თანამედროვე ელემენტებსაც. გორის კულტურული მემკვიდრეობა
გორის ისტორია
ატენის სიონი
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
ატენის ციხე
ხელოვნების სახლი
შეჯამება