თოდრია-დიდუბის მიკროავტობუსები გაჩერდა

2023-05-24 17:00:45

თოდრია-დიდუბის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მიკროავტობუსების მძღოლებმა განუცხადეს, თბილისში წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხშირად უწევთ საცობში ყოფნა, შემცირებულია დღის განმავლობაში შესრულებული რეისების რაოდენობაც და სწორედ ამიტომ კომპანია "ინტერტრანს" დღიური გეგმის, 120 ლარის 30 ლარით შემცირება სთხოვეს, თუმცა კომპანიისგან უარი მიიღეს.

"30 ლარით დაკლებას ვითხოვდით. გააჩერეთ მანქანებიო თუ არ გადაიხდითო. კი არ ვიხდით, ვერ ვიხდით. გზა გადათხარეს, 5 რეისიდან 3-ზე ჩამოვედით და მაინც 120 ლარს ვიხდიდით ერთი თვის განმავლობაში.

ჩვენ კომპანიისგან ველოდებოდით დათმობით ნაბიჯს. მეორე თვე დაიწყო და არაფერი. იძულებით დავაკელით 30 ლარი და მივეცით 90 ლარი. ის 90 ლარი წაიღეს და უკან დააბრუნეს ან დაამატეთო ან არადა მანქანები ავტოსადგომზე ჩაიყვანეთო",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" მძღოლებმა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" კომპანია "ინტერტრანსს" დავუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე გადაადგილების აღსადგენად მიმდინარეობს მძღოლებთან კომუნიკაცია.

"გარკვეული პერიოდია, კომპანია "ინტერ ტრანსი"-ს მიკროავტობუსებს თბილისში, ავტობუსის ზოლში მოძრაობა აეკრძალათ, რის გამოც, გაჩერებებზე შესვლა და მგზავრების ჩასხდომა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ამას ემატება გახშირებული გადატვირთული მოძრაობა დედაქალაქის საავტომობილო გზებზე, შესაბამისად, იზრდება მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალი, რაც როგორც მგზავრების, ასევე მძღოლების უკმაყოფილებას იწვევს.

კომპანია აგრძელებს კომუნიკაციას დასაქმებულებთან, რათა აღნიშნულ მიმართულებაზე გადაადგილება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.

მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შეფერხებისთვის და ვთხოვთ, დროებით სხვა სამარშრუტო ხაზებით ისარგებლონ",- აცხადებენ "ინტერტრანსში".

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები