იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად დაემატა.
შესაბამისი დადგენილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებზე პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას იღებს, რაც წამლის გარდა, სხვა ყველა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას გულისხმობს.
"ბევრმა მომწერა და მკითხა, ნიშნავს თუ არა პრემიერის ხელმოწერა იმას, რომ წამალი "დაიდოო".
პრემიერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის უზრუნველყოფაზე. ეს გულისხმობს წამლის გარდა სხვა, ყველა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას. აქამდე აქონდროპლაზია არ შედიოდა ამ სიაში სხვა იშვიათი დაავადებებისგან განსხვავებით.
წამალი "დაიდება", როცა პროტოკოლი დასრულდება მაისის ბოლოს და შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება რამდენიმე დღეში. პროტოკოლის ჩონჩხი კი მზად აქვთ და წინა საბჭოზე გავეცანით. მის საბოლოო ვერსიას უკვე შემდეგ საბჭოზე გავეცნობით და "დაგააფდეითებთ", რამდენად მისაღები იქნება ჩვენთვის. იქიდან გამომდინარე, რაც შიდა საუბრებში ჟღერდება, არ გვაქვს იმის საფუძველი, ვიეჭვოთ, რომ პროტოკოლში "ვოსორიტიდს" არ გაითვალისწინებენ, მაგრამ მაინც დაველოდოთ პროტოკოლს", - წერს ერთ-ერთი მშობელი მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში.