რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში სამეზობლო დავის ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც "ინფო რუსთავისთვს" გახდა ცნობილი, მიკრორაიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა იმის გამო, რომ მის საცხოვრებელ ბინაში მეზობელმა წყალი ჩაუშვა.
არსებული ინფორმაციით, მე-8 სართულის მობინადრეს ონკანი ღია ჰქონდა დარჩენილი, წყალმომარაგების აღდგენის შემდეგ კი, მე-7 სართულზე წყალი ჩავიდა.
ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ფაქტის დაფიქსირების მიზნით, შესაბამისი ოქმი შეადგინა, რომლსაც ხელი მხარეებმა მოაწერეს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეები (მეზობლები) ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. ისინი ვალდებულები არიან ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნონ და იმგვარად გამოიყენონ თავიანთი ინდივიდუალური საკუთრება, რომ ამით მათ მეზობლებს არ მიადგეთ ზიანი.
აღნიშნული ნიშნავს, რომ ბინის მეპატრონემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომწყალი არ ჩავიდეს მისი მეზობლის ბინაში, მათ შორის განახორციელოს მილების პრევენციული შემოწმება, გამოცვლა, შეკეთება.
ბინაში წყლის ჩამოსვლის შემთხვევაში, ხშირად მესაკუთრეები აფიქსირებენ ფაქტს, პოლიციის მიერ შედგენილი ოქმის გამოყენება კი, ზარალის ანაზღაურების მიზნით, სასამართლოში ხდება.