რუსთავში, 21-ე მიკრორაიონის მცხოვრებლების თქმით, კორპუსში ლიფტი ჩავარდა.
როგორც კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები "ინფო რუსთავს" უყვება, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ლიფტი მე-9 სართულზე გამოიძახეს.
"ხელოსანმა თქვა არ ჩაწყვეტილაო, უბრალოდ ჩაიწია ცოტა ქვევითო, მაგრამ ჩავარდა ფაქტია, მე-9 სართულიდან თან. შიგნით არავინ არ ყოფილა. ეს ლიფტი ძალიან არასანდოა, იმ დღესაც გაიჭედა, კარს შეხედეთ რა დღეშია, ბავშვები ჩარჩნენ და გამოანგრიეს ეს კარები, ძლივს გამოიყვანეს. მე-9 სართულზე რომ შეხვიდე ლიფტში და ჩაიწიოს თუნდაც მეხუთემდე, ხომ შეიძლება ადამიანს გული გამისკდეს. ჩაწევისას ცოტა ნელ-ნელა უნდა ჩავიდეს და ბრახაბრუხით რომ მიდის ლიფტი, ჩავარდნაა. იცით როგორი ხმაური იყო?", - აცახდებს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.
"ჩავარდა ლიფტი. მე-9 ზე რომ გამოიძახა გოგონამ, ხმა გავიგე ძაან ცუდი და შემეშინდა, აღარ ჩავჯექიო. მაგ დროს ჩაწყდა", - უთხრა "ინფო რუსთავს" კიდევ ერთმა მოსახლემ.
საკითხთან დაკავშირებით ა(ა)იპ რუსთავის კორპუსს დავუკავშირდით. როგორც სამსახურში აცხადებენ, ლიფტი არათუ ჩავარდა, არამედ ზედა სართულიდან მეორე სართულამდე იმოძრავა.
"ლიფტი არ ჩავარდნილა. დაზიანებული იყო მრიცხველი, ხომ აქვს მინიშნებები, მაგალითად, მეოთხეზე-მეხუთეზე გაჩერდი, ეს დანიშნულება არ შეასრულა და ზედა სართულიდან მეორე სართულამდე იმოძრავა. შიგნით მაგ დროს არავინ არ ყოფილა. რუსთავის კორპუსი საქმის კურსში იყო დილიდან და უკვე ყველანაირი ხარვეზი აღმოფხვრილია", - აცხადებენ სამსახურში.