რუსთავის მერიამ ახალგაზრდების არაფორმალური განათლებისთვის კიდევ ერთი პროექტი, სახელწოდებით "თეატრალური შესვენება", დაიწყო.
პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში შედგა, რომელიც ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა.
"რუსთავში ახალგაზრდებისთვის ამჯერად დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს მე-10 კლასელებისთვის ძალიან საინტერესო საუბრებს თეატრში საინტერესო სტუმრებთან, მსახიობებთან, რეჟისორებთან. ასევე მერიისგან საჩუქრად ელოდებათ მერიისგან ერთი სპექტაკლი. ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდებს სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით ხელი შევუწყოთ.
დარწმუნებულები ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია თეატრში კიდევ უფრო აქტიური სიარული. ახლახან დავასრულეთ შეხვედრები ახალგაზრდებთან თაობა მომავლისთვის პროექტის ფარგლებში და სწორედ მათი მხრიდან იყო წამოსული ეს საკითხი, რომ თეატრთან უფრო მეტი სიახლოვე სჭირდებათ. მადლობა მინდა ვუთხრა, თეატრის ხელმძღვანელობას, ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ახალგაზრდებთან ინტენსიურად იმუშავებენ",- განაცხადა ლაცაბიძემ.
თეატრის დირექტორის, სოსო ნემსაძის განცხადებით, ახალგაზრდები გაეცნობიან ყველა კომპონენტს, როგორ იდგმება სპექტაკლი.
"ერთი თვის განმავლობაში ისინი შეიტყობენ იმის შესახებ, თუ რა კომპონენტებით კეთდება სპექტაკლი, ვინ ქმნის სპექტაკლს. ეს არის რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი, ქორეოგრაფი, კომპოზიტორი და ამ პროფესიის ადამიანები 10 წუთის განმავლობაში მოუყვებიან თავიანთი ჩართულობის შესახებ სპექტაკლის კეთების პროცესში.
ასეთი ფაქტი არ მახსოვს თეატრს ასეთი პროექტი განეხორციელებინოს, არამარტო ჩვენს, არამედ სხვა თეატრებსაც, ასე თავმოყრა მოხდეს მრავალფეროვანი პროფესიული შემადგენლობის. ვფიქრობ ძალიან ბევრს მიიღებენ ახალგაზრდები და სხვანაირი მაყურებელი გვეყოლება ამ შეხვედრების შემდეგ",- განაცხადა სოსო ნემსაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატები.