რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლის "ყველაზე მართალი ადამიანი" პრემიერა გაიმართა.
გრიგოლ გორინის "ბარონი მიუნჰაუზენის ცხოვრებისა და გარდაცვალების" მიხედვით შექმნილი სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი რატი ლაბაძეა.
"როდის არის ტყუილი გამრთლებული, როცა ის არავის ვნებს, თუ როცა ის ღიმილს გვრის ადრესატს?! ვინ არის სინამდვილეში გმირი, რომელიც ყველას უყვარს?" - დიდგვაროვანი მიუნჰაუზენის უწყინარ ისტორიებს ახალგაზრდა რეჟისორი ერთი სპექტაკლში აერთიანებს.
რატი ლაბაძემ პიესის ნაწყვეტი კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, გასულ წელს, ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსზე წარადგინა, სადაც ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვება მოიპოვა და რუსთავის თეატრის სცენაზე სპექტაკლის დადგმის ვიზაც დამსახურებულად ხვდა წილად.
როგორც რეჟისორმა "ინფო რუსთავს" უთხრა, მისი მთავარი მიზანი, მაყურებლისთვის გმირის ახლებური სახით, სხვა კუთხით დანახვება იყო.
აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, რუსთავის თეატრში 2 პრემიერა შედგა, პარალელურ რეჟიმსა და სხვადასხვა სივრცეში.
რეჟისორ გიორგი ქანთარიას "სამი ფორთოხლის სიყვარული" ქავთარაძის დარბაზში დაიდგა.