ხრამის სათავე ნაგებობაზე რუსთავისთვის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაათვალიერეს.
ლაცაბიძის განცხადებით, ის მონიტორინგსა და ზედამხედველობას გაუწევს ყველა, პროექტს რომელსაც კომპანია "რუსთავის წყალი" ახორციელებს.
"მოსახლეობა გვთხოვს და მე მათ დავპირდი, რომ აქტიურად ვიქნები ყველა იმ პროექტის განხორციელებაში, რომელსაც 30 მილიონი ლარის ინვესტიციის ფარგლებში ახორციელებს. ეს ინვესტიციაც იყო მერიის გუნდის მოთხოვნა 2022 წელს, რომ ეს პრობლემა გვაქვს ქალაქში და გაუსაძლისია ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ვართ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს.
დღეს კომპანიას მოვთხოვეთ და რამდენიმე სამუშაო შეხვედრა მანამდეც გვქონდა, რომ პირველი მოგვაწოდოს რუსთაველებს ინფორმაცია სად, რა კეთდება და ის გათიშვები, რომელიც მუდმივად სმს-ად მოგვდის, სოციალურ ქსელში შევდივართ და გათიშვებზეა საუბარი, ასევე აუცილებელია ვისაუბროთ ამ გათიშვებს რა გაუმჯობესება მოყვა და გათიშვების ხარჯზე რა გაუმჯობესდება ჩვენი ქალაქისთვის. ამაზე არ აქვს არცერთ რუსთაველს ინფორმაცია.
ჩვენ გადავწყვიტეთ მოსახლეობის თხოვნითა და მოთხოვნით კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთოთ, დავათვალიერებ აბსოლუტურად ყველა პროექტს, ზედამხედველობას გავუწევთ ყველა პროექტის ვადებს, რომ ის გეგმა, რომელიც კომპანიამ ჩვენს წინაშე წარმოადგინა ამ წლის ბოლომდე სრულად იყოს მიყვანილი",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
კომპანია "რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის მოადგილის თემურ ჯანელიძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს აქტიურად დაზიანებული ჭების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
"ხრამის სათავე ნაგებობაზე არსებული 7 შახტური ჭა ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების მთავარ რეზერვუარს წარმოადგენს. ორი შახტური ჭის ავარიულად დაზიანებამ, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად შეაფერხა.
კომპანია ,,რუსთავის წყალი” აქტიურად ატარებს დაზიანებული ჭების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული შახტური ჭები წყალქვეშ 21 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული ტექნიკური სამუშაოები საკმაოდ რთული და კომპლექსურია.
სპეციალურად მოწვეულმა მყვინთავების ჯუფმა წყალქვეშ სამუშაოების ორი ეტაპი უკვე შეასრულა. სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ თითოეულ შახტურ ჭაში არსებული შვიდი ძველი ურდული ახალი, თანამედროვე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულით შეიცვალოს და ახალი ტუმბო-აგრეგატები დამონტაჟდეს.
ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ივნისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც წყალქვეშ რთული ტექნიკური სამუშაოების ყველა საჭირო ეტაპი შესრულდება”- განაცხადა ჯანელიძემ.