გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი 2 პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

2023-05-05 14:18:38

სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, რეანიმაციული განყოფილების გამგის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის, გივი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

"ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციის განყოფილებაში. კლინიკაში შემოსვლისთანავე ქირურგიული დახმარება ჩაუტარდა", - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ცნობისთვის, 4 აპრილს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე რესტორან LA VERA-სთან სროლის დროს ერთი ადამიანი მოკლეს და ორი პირი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დააკავეს.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი