რუსთავში ზაზა ფაჩულიას სახელობის მოედანი გაიხსნა [video]

2023-05-01 16:48:22

რუსთავში მე-19 მიკრორაიონში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაიხსნა.

გალფისა და რუსთავის მერიის თანამშრომლობით მოწყობილი სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია მაღალი ხარისხის თანამედროვე საფარით.

მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე მუნიციპალიტეტმა იზრუნა.

მოედნის საზეიმო ვითარებაში გახსნას ზაზა ფაჩულია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და გალფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"გალფთან ერთად საერთო ხედვა გვაქვს და ეს პროექტის იმის დამადასტურებელია, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქუჩის კალათბურთი განვითარდეს და ბავშვებს მიეცეთ გარეთ გამოსვლის საშუალება. ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ და სპორტით დაკავდნენ. მითუმეტეს დღევანდელ რეალობაში, ტექნოლოგიები რამდენად აკავებს ბავშვებს და სახლში ამყოფებს.  ძალიან ვამაყობ ამ პროექტით და მადლიერი ვარ გალფის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის",- განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

რუსთავის მერი თქმით, ახალი სტადიონი კარგი მაგალითია მუნიციპალიტეტის, ბიზნესისა და წარმატებული ადამიანის თანამშრომლობის.

"ეს პროექტი კარგი მაგალითია, როგორ გაერთიანდა მუნიციპალიტეტი, ბიზნესი და წარმატებული სპორტსმენი, რომელმაც იცის წარმატების ფასი და რამდენად მნიშვნელოვანია ახალი ინფრასტრუქტურა, რომ სპორტს კიდევ უფრო მეტად ხელი შევუწყოთ. მას შემდეგ რაც ინიციატივა წამოვიდა გალფისგან და ზაზასგან, მუნიციპალიტეტიც ჩავერთეთ, რომ არამხოლოდ სპორტული სივრცის, არამედ, მოსახლეობის თხოვნიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგებულიყო ის მწვანე სივრცე, რომლითაც კიდევ უფრო გალამაზებული დავხვდით რუსთაველები",- განაცხადა ლაცაბიძემ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები