რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაცია

2023-05-01 13:18:23
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
დაკავებული პირი ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასა, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 10 წლამდე.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.