ელექტრო ენერგიის გადასახადის 500-ლარიანი დაფინანსება

2023-04-28 21:19:34

რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში არსებული სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები წლიურად ელექტრო ენერგიის 500-ლარიან დაფინანსებას მიიღებენ.

სოციალური პროგრამა დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, აზრთა სხვადასხვაობისა და კამათის ფონზე დამტკიცდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ნანა შატბერაშვილის თქმით, დისკრიმინაციულია, რომ აღნიშნული შეღავათით რუსთავში არსებული მეორე საცხოვრისის ბენეფიციარები ვერ ისარგებლებენ. თუმცა, საბოლოო ჯამში, მისმა ფრაქციამ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", პროგრამას მხარი ერთხმად დაუჭირა.

"თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ ეს ადამიანები. ეს არის ჩვენი ძალიან სამართლიანი მოთხოვნა და მით უმეტეს, არც ბიუჯეტი არ აქვს ამას ისეთი, რომ  ამ ეტაპზეც ვერ მოხერხდეს ამ ცვლილების შეტანა. 6 000 ლარზე მიდის საუბარი. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ სოციალური მხარდაჭერის პროგრამაა ეს და არა სხვა ტიპის პროგრამა. აქედან გამომდინარე, აუცილებლად ორივე საცხოვრისში მყოფ ოჯახებს სოციალური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ქალაქის მერიამ", - განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.

სხდომას ესწრებოდნენ რუსთავის მერის მოადგილეები. ერთ-ერთი მოადგილის, ოთარ ტატალაშვილის თქმით, პროგრამა შემუშავდა იმიტომ, რომ საცხოვრისში ვერ ხერხდება ბუნებრივი აირის სრულფასოვნად გამოყენება და მოქალაქეებს მეტი ელექტრო ენერგიის მოხმარება უწევთ.

"ეს ეხება იმის დაბალანსებას, რომ ვერ სარგებლობენ ბუნებრივი აირით სრულყოფილად და უწევთ მეტი ელექტრო ენერგიის გამოყენება. ბუნებრივი აირით ოჯახი სარგებლობს 3 მიმართულებით, ეს არის გათბობა, საკვების მომზადება და წყლის გაცხელება. ჩვენ სოკართან ვიმუშავეთ იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გაზის სამივე ნაწილში გამოყენება, თუმცა ეს საცხოვრისი ისეა დაპროექტებული, აღმოჩნდა, რომ ჩვენ უნდა გადაგვეკეთებინა პროექტი და ეს ფართი კიდევ უფრო დაპატარავდებოდა. სწორედ ამიტომ, დავტოვეთ ფართი ისევ ისე, როგორც არის და შევეცადეთ, რომ ის განსხვავება, რომელიც მათ უწევთ მეტი დენის გადასახადის გამო იმიტომ, რომ გაზით ვერ ისარგებლებენ წყლის გაცხელებისა და საკვების მომზადების ნაწილში, ეს განსხვავება დაგვეფარა. მეორე სოციალურ საცხოვრისში აღნიშნული პრობლემა არ აქვთ", - განაცხადა ოთარ ტატალაშვილმა.

სხდომას ესწრებოდნენ თავად მე-11 მიკრორაიონში არსებული საცხოვრისის ბენეფიციარებიც. როგორც მათ "ინფო რუსთავს" განუცხადეს, სურთ, რომ საცხოვრისში ბუნებრივი აირი შევიდეს, თუკი ეს რაიმე გზით შესაძლებელია. გარდა ამისა, მოქალაქეებმა ისაუბრეს იმაზეც, რომ შენობაში ელექტრო ენეგიასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები დგას და იმ შემთხვევაში, თუკი გაყვანილობები არ შეკეთდება, ამ დახმარებას მათთვის აზრი არ ექნება.

პროგრამის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ნათია შელეგიამ. მან აღნიშნა, რომ მხარს ამ პროგრამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუ მსგავს სოციალურ მხარდაჭერას მუნიციპალიტეტისგან მეორე საცხოვრისის მოსახლეობაც მიიღებდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები