რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში, #7, #8 და #9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი მოეწყობა. შესაბამის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა და კომპანიამ მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყო.
საპროექტო სკვერის მთლიანი ფართობი 3486 მ2-ია. აღნიშნულ ფართობზე დაწნეხილი ბეტონის ფილებით საფეხმავლო ბილიკები და სავალი ნაწილი უნდა მოეწყოს. პროექტის ფარგლებში, უნდა გაკეთდეს საბავშვო მოედანი ატრაქციონებით და სპორტული მოედანი სავარჯიშო ტრენაჟორებით, ასევე უნდა რეაბილიტირდეს მინი სტადიონი.
სკვერში იქნება ფანჩატურები და დაირგვება დეკორატიული ხემცენარეები.
სატენდერო დოკუმენტაციაში ასახული პირველადი თანხის მიხედვით, სკვერის მოსაწყობად დაახლოებით 422 086 ლარი დაიხარჯება.
გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 120 კალენდარული დღე აქვს.