"ბავშვები დაცულნი უნდა იყვნენ ჭარბი მარილისა და შაქრის შემცველი პროდუქციისგან"

2023-04-20 11:39:18

2026 წლისთვის ქართულ ბაზარზე განთავსებული პროდუქციის 30%-ს ეტიკეტზე დატანებული ექნება ინფორმაცია შაქრისა და მარილის შემცველობის შესახებ. ამასთან, გატარდება ზომები, რათა ბავშვები დაცულნი იყვნენ ჭარბი მარილისა და შაქრის შემცველი პროდუქციის, ასევე გაზიანი სასმელების მარკეტინგისგან.

ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2023 –2030 წლების ეროვნული სტრატეგია.

სტრატეგიის თანახმად, დიალოგის კიდევ ერთი მიზანი იქნება საკვებ პროდუქტებში ინდუსტრიული ტრანსცხიმების ამოღების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. პარალელურად დაიწყება არაჯანსაღი საკვები პროდუქტების (ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები, ჭარბი მარილისა და შაქრის შემცველი, ტკბილი გაზიანი სასმელები) ნებისმიერი სახის მარკეტინგისგან ბავშვების დაცვის ღონისძიებების შემუშავება.

სტრატეგიის თანახმად, 2026 წელს მარილის და შაქრის  შემცველობა მითითებული უნდა იყოს პროდუქტების 30%-ში, ტრანსცხიმების შემადგენლობა კი – პროდუქტების 35%-ში.
2030 წლისთვის პირველი მაჩვენებელი 60% უნდა იყოს, მეორე კი – 50%.

სტრატეგიის მიხედვით, საქართველოში მარილის საშუალო დღიური მოხმარება 8.5 გრამს შეადგენს, მაქსიმალური დასაშვები ზღვარი კი 5 გრამია.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩამოყალიბდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მთავარი რისკ-ფაქტორის – მარილის ჭარბი მოხმარების საწინააღმდეგო მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი და მოხდება მარილის მოხმარების შემცირების ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება.