საპროტესტო აქცია რუსთავში, ერთ-ერთ სკოლასთან

2023-04-05 11:53:36

რუსთავში 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მშობლებმა განუცხადეს, აქციის გამართვის მიზეზი სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის გამოც მესამე წელია მოსწავლეებს სიარული სხვა სკოლაში უწევთ.

მათი თქმით, მისცეს დაპირება, რომ მარტიდან განახლებულ სკოლაში გადავიდოდნენ, რომელიც არ შესრულებულა.

მშობლები ამბობენ, გაუსაძლისია ასეთ პირობებში სწავლა და მოითხოვენ სკოლაში რეაბილიტაციის დასრულებას.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შეეცადა კომპანია შ.პ.ს. "სეისმომედეგობა+" დაჰკავშირებოდა, რომელიც რუსთავში 25-ე და 26-ე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ცნობისთვის, ორივე სკოლის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერები, რომელთა საერთო ღირებულება 10 748 300 ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წელს გამოცხადდა და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებები იმავე წელს გაფორმდა.

სკოლებში რეაბილიტაცია 2021 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო თუმცა ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია.

რამდენიმე თვის წინ მუნიციპალურ ფონდში განგვიცხადეს, რომ კონტრაქტორი კომპანია მუშაობას ჯარიმებით აგრძელებდა.

როდის დასრულდება სკოლებში რეაბილიტაცია ამ კითხვით, მუნიციპალური განვითარების ფონდს კიდევ ერთხელ მივმართეთ.

"ინფო რუსთავი" ფონდის პასუხს ელოდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები