როგორ შევარჩიოთ შესაბამისი ჭაღი ჩვენი ოთახის ინტერიერისთვის

2023-03-31 17:55:51

როგორ შევარჩიოთ შესაბამისი ჭაღი ჩვენი ოთახის ინტერიერისთვის

განათება ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ჭაღები კი განათების ყველაზე ელეგანტური და კლასიკური ვარიანტია. სწორად შერჩეულ ჭაღს შეუძლია გარემო სასურველი მიმართულებით გარდაქმნას და სასიამოვნო ვიზუალთან ერთად, კომფორტული ატმოსფეროც შექმნას. როგორც წესი, ჭაღების არჩევანი ყოველთვის მრავალფეროვანია და უამრავი ვარიანტიდან სასურველის ამორჩევა რთული პროცესია. 


ჭაღის არჩევის პროცესის გასამარტივებლად სფეროს პროფესიონალები კონკრეტულ რჩევებს გვთავაზობენ. მოდი, რამდენიმე მათგანს გავეცნოთ. 

სწორად შეაფასე ოთახის დანიშნულება

პირველი და მთავარი ნაბიჯი ჭაღის შერჩევის პროცესში ოთახის დანიშნულების შეფასებაა. სწორედ აქ უშვებს ადამიანების უმრავლესობა შეცდომას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ კარგი ჭაღი უბრალოდ ლამაზი და ხარისხიანი უნდა იყოს. მართალია, ეს კრიტერიუმები აუცილებლად უნდა გამოიყენო განათების შერჩევისას, მაგრამ არა პირველ ეტაპზე. 


დასაწყისისთვის შენს თავს რამდენიმე კითხვა დაუსვი ოთახთან დაკავშირებით: ოთახი ფორმალური სასადილო სივრცეა თუ განსატვირთი მისაღები? ან იქნებ მთავარი კორიდორი? შენ მიერ არჩეული ჭაღი ოთახის დანიშნულებას უნდა ერგებოდეს. მაგალითად, სასადილო ოთახს, როგორც წესი, დიდი ზომის, ორნამენტული ჭაღი შეეფერება, მაშინ, როდესაც მისაღები ოთახისთვის მარტივი დიზაინის განათებაც საკმარისია. 

განსაზღვრე ოთახის ზომა

ჭაღის შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი ზომაა, ამიტომ, ოთახის გაბარიტების განსაზღვრა მნიშვნელოვნად დაგეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. მას შემდეგ, რაც ოთახის ფუნქციასა სასურველი ჭაღის ტიპა დაადგენ, ოთახის გაზომვა დაიწყე.


თუ პერფექციონისტი ხარ და დეტალებს შენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შეგიძლია ოთახის ზუსტი გაბარიტები გამოთვალო. მიიჩნევა, რომ ჭაღის დიამეტრი ოთახის სიგანის ნახევარი უნდა იყოს. მაგალითად, თუ ოთახის სიგანე 3 მეტრია, ჭაღის დიამეტრი მაქსიმუმ 1.5 მეტრი უნდა იყოს.  მაგრამ ოთახის ზომის განსაზღვრა თვალითაც შეგიძლია. როგორც წესი, პროპორციების დადგენა თვალითაც შეგიძლია. თუ ოთახისა და ჭაღის ზომებს გონებაში შეადარებ, მარტივად მიხვდები, სწორ არჩევანს აკეთებ თუ არა. 

შეარჩიე სასურველი სტილი

თუ ერთხელ მაინც შეგივლია სანათების მაღაზიაში, ჭაღების მრავალფეროვნებაში დარწმუნებული იქნები. ტრადიციულიდან დაწყებული თანამედროვეების ჩათვლით, დღეს ყველანაირი სტილის ჭაღს შეხვდები. ჭაღის დიზაინი შენი ოთახის ხასიათს უნდა პასუხობდეს და სივრცის დანიშნულებიდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს. თუ ოთახში ტრადიციული ავეჯი გაქვს განლაგებული, მაშინ ორნამენტებით მდიდარი, კლასიკური ჭაღი უნდა შეარჩიო, ხოლო თანამედროვე სტილის ოთახს უფრო მინიმალისტური, მარტივი განათება მოუხდება. 

გაითვალისწინე ჭერის სიმაღლე

ჭერის სიმაღლე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ჭაღის შერჩევისას უნდა გაითვალისწინო. დაიმახსოვრე, რომ ჭაღისა და ჭერის სიმაღლეები ერთმანეთის პროპორციული უნდა იყოს, ისევე, როგორც ჭაღის დიამეტრი და ოთახის სიგანე. თუ ოთახის სიმაღლე 2 მეტრია, მაშინ ჭაღის სიგრძე დაახლოებით ნახევარი მეტრი უნდა იყოს. შეგიძლია განსაკუთრებით მაღალი ჭერის პირობებში ჭაღიც შესაბამისად უფრო დიდი აარჩიო, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ დიდი ზომის განათებას ოთახის გადატვირთვა შეუძლია. 

სწორად შეარჩიე ნათურები

არასწორად შერჩეულმა ნათურებმა შეიძლება ჭაღის შერჩევაში დახარჯული ენერგია წყალში ჩაგიყაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია კარგად დაფიქრდე სანამ ნათურებს შეიძენ. ოთახში თბილი, მყუდრო გარემოს თბილი განათება შეგიქმნის, თუ გინდა, რომ ოთახი ნათელი და კაშკაშა იყოს, მაშინ უფრო ცივი ფერის განათება აარჩიე. თბილი განათება დაბალვატიანია, ცივი კი - უფრო მაღალი. 

განსაზღვრე რა რაოდენობის სინათლე გჭირდება

თითოეულ ოთახს სხვადასხვა რაოდენობის სინათლე სჭირდება. ჭაღიც სწორედ ოთახის ფუნქციას უნდა იყოს მორგებული. მაგალითისთვის, სასადილო ოთახის განათება ძლიერი უნდა იყოს, რომ სტუმრებმა მაგიდაზე გაწყობილი სადილი კარგად დაინახონ, მაგრამ განათება არც იმდენად მკვეთრი უნდა იყოს, რომ ოთახში უსიამოვნო გარემო შექმნას. ასეთი კაშკაშა განათება სამუშაო სივრცისთვის არის იდეალური, რომ მუშაობისას მოდუნების წინაპირობა არ შეიქმნას. 

დაფიქრდი დამონტაჟების პროცესზე

სანამ ჭაღს შეიძენ, დაფიქრდი, რამდენად გამოგივა მისი დამონტაჟება. თუ შენით არ აპირებ ჭაღის დაკიდებას, მაშინ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი აღარაა, ვინაიდან დაქირავებულ პროფესიონალს ნებისმიერი ტიპის ჭაღის გამართვა უნდა შეეძლოს. რაც მთავარია, სწორად განსაზღვრე ჭაღის სიმძიმე და შეაფასე, რამდენად შეესაბამება ჭერის სტრუქტურას. 

შეადარე ფასი შენს ბიუჯეტს

ჭაღების მრავალფეროვნებასთან ერთად, ფასებიც განსხვავებულია და მერყეობს იაფიდან მხოლოდ ერთეულებისთვის ხელმისაწვდომამდე. ნებისმიერი შენაძენის გაკეთებამდე, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი წინასწარ გქონდეს განსაზღვრული. ამ გზით, შენ მიერ შერჩეული განათება არა მხოლოდ ოთახის ინტერიერს, არამედ, შენს ფინანსებსაც მოერგება. დაიმახსოვრე, რომ მაღალი ფასი ყოველთვის მაღალ ხარისხს ან დიზაინს არ ნიშნავს. 

შეუხამე ჭაღი ოთახის სხვა განათებას

ჭაღის შერჩევისას უკვე არსებულ განათებაზეც დაფიქრდი და შეაფასე, რამდენად მოუხდება ძველი ახალს. თუ ოთახში თანამედროვე განათება გაქვს, მაშინ კლასიკური ჭაღზე ნუ შეაჩერებ არჩევანს, ვინაიდან ამით სივრცეში ქაოსს შექმნი. 

მოუარე ჭაღს

დიდი წვალების შემდეგ არჩეული ჭაღით ტკბობა კარგია, მაგრამ ეს პროცესი ხანგრძლივი არ იქნება, თუ საყვარელ შენაძენს კარგად არ გაუფრთხილდები. რეგულარულად გადაწმინდე მტვერი, შეამოწმე ნათურების მდგომარეობა და დარწმუნდი, რომ ჭაღი იდეალურ მდგომარეობაშია. 

შეჯამება

როგორც ვნახეთ, ჭაღის შერჩევისას ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო: ოთახის ფუნქცია და ზომა, სასურველი სტილი, ბიუჯეტთან შესაბამისობა და სხვ. თუ თითოეულ კრიტერიუმს ზუსტად ზუსტად ერგება შენ მიერ არჩეული ჭაღი, მაშინ შეგიძლია დარწმუნდე, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე.