რუსთავში, თბილისის ქუჩის N14 მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა აზა ლეგაშვილმა განუცხადა, კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს.
"მივმართეთ არაერთხელ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც გვაქვს, რომ სასწრაფო გამაგრებას მოითხოვს, თუ არადა სარდაფის კედლებია გამოღებული და ჩამოშლის საშიშროებაა. ორივე სადარბაზო გადახსნილია და კიბე თითქმის სცილდება კედელს. არაერთხელ მივმართეთ მერიას წერილობითაც, მოსახლეობაც ვიყავით მისული. 2022 წელს გვეუბნებოდნენ, რომ ბიუჯეტში არ იყო თანხა გამოყოფილი კორპუსის გასამაგრებლად. ვიმედოვნებდით, რომ 2023-ში რაღაც შეიცვლებოდა. ახლაც ვიყავით, იანვრის ბოლოს მისულები, მაგრამ გვითხრეს, რომ ამ წელსაც არ იგეგმება. ისეთ ცუდ მდგომარეობაშია გარეგნულადაც რომ შეხედოთ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" აზა ლეგაშვილმა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა რუსთავის მერია, სადაც აცხადებენ, რომ გამაგრება რეაბილიტაციის სამუშაოები პირველ რიგში იმ კორპუსებს ჩაუტარდება, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით პრიორიტეტულია.
"ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია, პირველ ეტაპზე ისეთ კორპუსებში განხორციელდება, სადაც გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით პრიორიტეტულია. პირველ ეტაპზე, ბიუჯეტში, ავარიული კორპუსების რეაბილიტაციისთვის, 4 500 000 ლარია გათვალისწინებული. პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება",- აცხადებენ მერიაში.