ურთიერთბრალდებები რუსთავის საკრებულოში

2023-03-09 16:13:14

"მთელი ჩვენი გუნდი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის მერი და ასევე საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქცია, მხოლოდ იმაზეა გადასული, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად რუსთავი ევროპულ ქალაქად გადავაქციოთ და "ნაციონალური მოძრაობა", თავისი ბიძნური მეთოდებით, ცდილობს, რომ ხელი შეგვიშალოს ამ პროცესში", - ასე უპასუხა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, მარი ლიპარტელიანმა დღეს ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ რუსთაველი დეპუტატების ფოტოების მიტანას.

ლიპარტელიანმა, ასევე უპასუხა ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სხდომაზე დასწრების, კითხვებზე პასუხის გაცემის შეეშინდათ და განმარტა, თუ რატომ შეიკავეს თავი "ქართული ოცნების" წერვებმა სხდომაზე მისვლისგან.

"დღეს საკრებულოში 5-ვე კომისიის გაერთიანებული სხდომები იყო ჩანიშნული. პირველი სხდომა გვქონდა 12 საათზე, რომელიც იყო საკმაოდ დაძაბული, იქიდან გამომდინარე, რომ საქმის არსს, არსებით განხილვას ადგილი არ ჰქონია. დღის წესრიგს სრულიად ასცდა ნაციონალური მოძრაობა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ მოსულები თავიანთი პროგრამით და აი ამ პროგრამის განხორციელების საშუალებას ჩვენ მათ არ მივცემდით. ამავე დროს თავიდან ავირიდეთ პროვოკაციები, რომელიც ნამდვილად იქნებოდა ცუდი შედეგის მომტანი.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, "ქართული ოცნების" პასუხი გამოქვეყნდა დღეს, როდესაც პარტიამ გააკეთა განცხადება, რომ ყოველგვარი პირობების გარეშე უკან გაიწვია კანონპროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გუნდი უსმენს ადამიანებს, ჩვენს თანამოქალქეებს, თანამემამულეებს და ითვალისიწნებს იმ აზრს, რომელიც აქვს საზოგადოებას და ცდილობს გასცეს პასუხები კითხვებზე, რაც არსებობს საზოგადოებაში. ჩვენ, პირველ რიგში, ვაფიქსირებთ იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, არ აცდენია ევროპული ინტეგრაციის მიმართულებას. მთელი ჩვენი გუნდი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის მერი და ასევე საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქცია მხოლოდ იმაზე არის გადასული, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად რუსთავი ევროპულ ქალაქად გადავაქციოთ და "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ბიძნური მეთოდებით ცდილობს, რომ ხელი შეგვიშალოს ამ პროცესში.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თამარ მეტრეველის თქმით, მათ "ქართული ოცნების" რუსთავის საკრებულოს წევრებს დღეს კიდევ ერთხელ მისცეს შანსი დამდგარიყვნენ ქართველი ხალხის გვერდით.

"დღეს გვქონდა სამანდატო და ქონების კომისიებს ერთობლივი სხდომა, სადაც 2022 წლის შესრულებული სამუშაოების საბიუჯეტო განხილვა იყო. სხდომაზე "ქართუი ოცნების" არცერთი დეპუტატი არ იქნა მოსული იმიტომ, რომ მათ შეეშინდათ იმ კითხვებზე პასუხის გაცემის, რომელიც გვაქვს ჩვენ და აქვთ ქართველ ღირსეულ მოქალაქეებს. ჩვენ გვქონდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიცია ჰქონდათ მათ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მათ შორის, რუსთავის ბიუჯეტზე.

მინდა მივმართო რუსთაველ მოქალაქეებს, იცოდეთ, რომ ბატონი შატაკიშვილი და ბატონი დალაქიშვილი არიან თქვენი ხმებით დღეს პარლამენტში წარმომადგენლები და მათ მხარი დაუჭირეს იმ რუსულ კანონს, რომელზეც გვესაუბრებიან ნატოს, ამერიკის, ევროკავშირის წარმომადგენლები და ჩვენი საერთაშორისო მეგობრები.

მე მსურდა, "ქართული ოცნების" წევრებისთვის დღეს კიდევ ერთხელ მიგვეცა შანსი, რომ დამდგარიყვნენ ქართველი ხალხის გვერდით, რადგან მდინარაძის, კობახიძის და რუსეთის მაამებლების გვერდით აღმოჩნდებიან სწორედ რუსთავის საკრებულოს დეპუტატებიც, რომლებიც გამოდიან და გუშინდელ დარბევებზე წერენ, რომ ეს მოქალაქეები არიან ჯოგი, ფარა და ასეთი სიტყვებით მოიხსენიებენ ამ ადამიანებს რუსთავის მაღალჩინოსნები", - განაცხადა თამარ მეტრეველმა. 

შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა იმ რუსთაველი დეპუტატების ფოტოები მიიტანეს, რომლებმაც ე.წ. აგენტების კანონს მხარი დაუჭირეს.