იცოდი? - რას საქმიანობდნენ რუსთაველები 17 საუკუნის წინ.
რუსთავის მოსახლეობა, როდესაც უკვე ამ ადგილზე არსებულ დასახლებას ეს სახელი ერქვა, თითქმის 20 000 ადამიანისგან შედგებოდა.
ჩვენი ქალაქი არამარტო ქვეყნის, არამედ რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო.
ქალაქის ისტორიულ ნაწილში სხვადასხვა პერიოდში აღმოჩენილი არტეფაქტებით ირკვევა, რომ მაშინდელი რუსთაველები ვაჭრობითა და ხელოსნობით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულები.
ქალაქში განვითარებული იყო მეთუნეობა, ლითონისა და მინის წარმოება. ასევე კარგად ფლობდნენ ბრინჯაოს წარმოების ტექნიკასაც.
არქეოლოგიური ექსპედიციის დროს მშენებელთა ქუჩაზე აღმოაჩინეს IV საუკუნით დათარიღებული ორყურა დერგი, თიხის ხელადა, ვახტანგ გორგასლის ეკლესიის საძირკველში ორყურა ჩაფი, IV-V საუკუნით დათარიღებული, ამავე პერიოდის თიხის ქოთანი, დღევანდელი საავადმყოფოს ტერიტორიაზე თიხის სანელსაცხებლე.
რუსთავის დაწინაურებას ხელი შეუწყო ბარდავი-თბილისისა და ჯავახეთი-კახეთი-ჰერეთის სავაჭრო გზებთან სიახლოვემ, რადგან იმ დროისთვის ეს გზები დაკავშირებული იყო მახლობელ აღმოსავლეთში გამავალ ძირითად სავაჭრო მაგისტრალებთან.
მნიშვნელოვან სავაჭრო და სახელოსნო ფუნქციას ჩვენი ქალაქი მე-8 საუკუნემდე ინარჩუნებდა, იქამდე, სანამ ჩვენ ქვეყანაში არაბები გამოჩნდებოდნენ.
არაბების ლაშქრობებმა მაშინდელი რუსთავი მძიმედ დააზარალა.