2023 წელს რუსთავი 15 ახალ ავტობუსს შეიძენს.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ 2023 წლის პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი ავტობუსები რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მგზავრებს მოემსახურებიან.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" კითხვას, უფრო კონკრეტულად როდისთვის იგეგმება ავტობუსების შეძენა და მოხდება თუ არა თბილისში წასასვლელი მგზავრების აყვანა ქალაქის შემოსასვლელი გარდა სხვა ლოკაციიდან, მერმა უპასუხა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში არიან, რისი დასრულების შემდეგაც უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
"2023 წლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება. განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის. ზოგადად ვმუშაობთ, რომ სატრანსპორტო სისტემა რუსთავში გაუმჯობესდეს.
რაც შეეხება თბილისი-რუსთავს, ამ მიმართულების გაუმჯობესება არის აუცილებელი ახალი ავტობუსების შეძენით. 15 ახალი ავტობუსის შეძენას ვაპირებთ, რომელზეც ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად.
სწორედ ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა გადავხედოთ და მოვარგოთ იმ მოთხოვნებს, რასაც აყენებენ ჩვენი თანამოქალაქეები",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.