რუსთავის ბიუჯეტი 21 მილიონით გაიზარდა და 108 მილიონი გახდა

2023-01-23 12:16:36

რუსთავის ბიუჯეტი 21 მილიონით გაიზარდა და 108 მილიონი გახდა.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ლაცაბიძის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტით მოხდება ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება, ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა.

მისი განცხადებით, ბიუჯეტის ზრდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხით მოხდა.

"როგორც გასული წლის ბოლოს დავაანონსეთ, ახალი წლის პირველივე თვეში შევძელით და, მთავრობის თანადგომით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად რუსთავის ბიუჯეტი იზრდება. გაზრდილი ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი მოხმარდება ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტს. პროცესი ჩვენ შარშან დავიწყეთ და მაშინვე ვთქვით, რომ ეს იყო გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ქალაქში არსებულ ყველა ლიფტის განახლებამდე გაგრძელდებოდა.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აღნიშნული საბიუჯეტო ზრდის შედეგად დაფინანსდება ეს არის ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია-გამაგრების პროექტი. მისამართების შერჩევა მოხდა მოსახლეობასთან კონსულტაციებით და ასევე, რა თქმა უნდა, დავეყრდენით ექსპერტიზის დასკვნებს. ჩვენ ამ ზრდის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა 8 დამატებით ახალ მისამართზე დავიწყოთ პროცედურები.

შემდეგი ახალი პროექტი, რომელიც განხორციელდება გაზრდილი ბიუჯეტით არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სხვადასხვა მისამართზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ის მისამართებია, სადაც აქამდე საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა.

მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყება კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა. რუსთავის ეკოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე ახალი რეკრეაციული ზონების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია რუსთაველებისთვის, ეს იყო და რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად. ახალი პროექტების პარალელურად გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებაც გასულ წელს დავიწყეთ.

რუსთავის ბიუჯეტი ჯამში 87 მილიონი ლარიდან 108 მილიონამდე იზრდება. წლის განმავლობაში არაერთხელ მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას, იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც მათთან კომუნიკაციისა და მათი მოთხოვნის შესაბამისად ვგეგმავთ.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ცენტრალურ ხელისუფლებას განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქს დღეს ძალიან სჭირდება.

ბიუჯეტის ზრდის პროექტი გადაგზავნილია საკრებულოში და ახლა მთავარია, მერიის გუნდს მოგვეცეს შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში ამ ახალი პროექტების განხორციელების პროცედურები დავიწყოთ",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები