რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ 2022 წლის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენას სხდომათა დარბაზში ფრაქციების "რუსთავი საქართველოსთვისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ესწრებოდნენ.
წარდგენას არ დაესწრნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები.
ნოდარ შეროზიამ ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და დეტალურად ისაუბრა 2022 წელს რუსთავის მერიასა და წარმომადგენლობით ორგანოს შორის კომუნიკაციაზე.
შეროზიას თქმით, წელი ძალიან დაძაბული იყო, თუმცა მაინც შეძლეს 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა და ყველა იმ საკითხის გატანა/მხარდაჭერა, რომელიც რუსთავის მაცხოვრებლების ინტერესებში შედიოდა
"მთელი წლის განმავლობაში მერიის გუნდის მხრიდან ვხედავდით საკრებულოსა და კონკრეტულად, საკრებულოს თავმჯდომარის დისკრედიტაციის პროცეს და ეს დღესაც კარგად ჩანს ჩვენი კოლეგების სამწუხარო დამოკიდებულებით ზოგადად საკრებულოსა და თავმჯდომარის ანგარიშის მიმართ, არ აინტერესებს არაფერი, თავიანთი პირადი და პარტიული ინტერესებია ყველაზე მნიშვნელობანი.
მერიამ გააუქმა საკრებულოს ვებ-გვერდი და საჯარო ინფორმაციას წვდომა შეუზღუდა რუსთავის მოქალაქეებს.
მერმა სამსახურის უფროსებსა და "შპს", "ააიპების" ხელმძღვანელებს აუკრძალა საკრებულოსთან კომუნიკაცია. უამრავი ოფიციალური წერილი გვაქვს გაგზავნილი, სადაც ვთხოვთ მათ სხდომაზე დასწრებას. მერი და მისი სამსახურები არ პასუხობენ საკრებულოს დეპუტატების ოფიციალურ წერილებს. საკრებულოს წევრებს უარი ეთქვათ მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფებსა და კომისიებში მონაწილეობაზე.
თუმცა საკრებულოს დეპუტატები ყოველთვის იყვნენ წარდგენილები მერიის სამუშაო ჯგუფებში. მერიამ უარი თქვა საკრებულოს გენდერულ საბჭოსთან ურთიერთობაზე, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების გაკვირვებაც კი გამოიწვია. მერმა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებები არ დაამოწმა მუნიციპალიტეტის ბეჭდით. საკრებულოს გაუჩერა შესყიდვების პროცესი. საკრებულოს გამართულ ფუნქციონირების ხელის შეშლა შეეცადა აპარატის რიგითი თანამშრომლების მეშვეობით. საკრებულოს თავმჯდომარე არ ყოფილა მერის მიერ ორგანიზებულ არცერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე, ის ახდენდა საკრებულოს თავმჯდომარის იგნორირებას, ასევე საკრებულოს დეპუტატების. დისკრედიტაციის პროცესში ჩართული იყო ქართული ოცნების პარტიული აქტივი, სამთავრობო ტელევიზიები, სამწუხაროდ ამავე საკრებულოს ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი, რომლებიც ასრულებდნენ პარტიულ დავალებას და უსაფუძვლოდ ითხოვდნენ ჩემს გადადგომას. მერი საკრებულოსთან კომუნიკაციას ძირითადად ახორციელებდა ბრიფინგების მეშვეობით, სადაც საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში აწვდიდა დეზინფორმაციას, ოპოზიციური საკრებულოს დისკრედიტაციის მიზნით...
მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ასევე ყველა იმ საკითხის გატანა და მხარდაჭერა, რომელიც რუსთავის მაცხოვრებლების ინტერესებში შედიოდა. თუმცა ვიმეორებ, რომ წელი ძალიან დაძაბული იყო, არ იყო ადვილი ურთიერთობები, საერთოდ კომუნიკაციები იშვიათად ხდებოდა საკრებულოსა და მერიას შორის",- განაცხადა ნოდარ შეროზიამ.