რა ღირს ახალ წელს სანტას გამოძახება რუსთავში

2021-12-28 13:44:41

ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური დღესასწაული პატარებისთვისაა.

მთავარი, რაც მათთვის დღესასწაულს განსაკუთრებულს ხდის, თოვლის ბაბუის არსებობა და მის მიერ მოტანილი საჩუქრებია.

საჩუქრები, რომლებსაც პატარები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან და აქვთ იმედი, რომ სანტა მათ სურვილებს აუცილებლად აასრულებს.

სწორედ ამიტომ, საახალწლო დღეებში ძალიან პოპულარული ხდება სერვისი "სანტა გამოძახებით".

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა დაუჯდებათ წელს მშობლებს ამ სერვისით სარგებლობა.

რუსთავში სანტა კლაუსის გამოძახება წინა წელთან შედარებით საშუალოდ 10 ლარით გაძვირდა და 70-დან 150 ლარამდე მერყეობს.

სახლში თოვლის ბაბუას სტუმრობა ღამის 22:30 საათამდე 70 ლარი ღირს, 22:30-დან 00:00-მდე კი 100 ლარი, გამონაკლისია მხოლოდ ღამის 12 საათი, როცა აღნიშნული სერვისით სარგებლობა 150 ლარი დაგიჯდებათ. რაც შეეხება მომდევნო საათებს, ფასი ისევ იკლებს და 01:00-მდე 100, ხოლო შემდეგ საათებში 70 ლარი ხდება.

თუ გსურთ 20-30 წუთიანი შოუ-პროგრამებიც და დამატებითი დროის დათმობა, ფასიც შესაბამისად გაიზრდება.

ინტერნეტში შესაძლებელია ინდივიდუალური შეთავაზებების ნახვაც. ფასები 50 ლარიდან იწყება და, როგორც წესი, 250 ლარამდე ადის. ღირებულების ძირითადი განმსაზღვრელი ოჯახში სტუმრობის დროა.

საახალწლოდ ამ ბიზნესში ბავშვთა გასართობ ცენტრებთან ერთად კერძო პირებიც ერთვებიან.