"ჩვენ ვაგრძელებთ მთავრობასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობას მძიმე ავარიული კორპუსების გამაგრებაზე უფრო სწრაფი გამოსავლის მოძებნისთვის", - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ რუსთავში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის საკითხზე, უფრო სწრაფი და ეფექტური მოქმედების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
"გუშინ ღამითვე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომ ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად და ეფექტიანად. მთავარი არის, რომ ამ ინცინდენტს არ მოჰყოლია მსხვერპლი და მძიმე დაზიანება. 19 ოჯახი დღეს არის სრულად გამოყვანილი არსებული კორპუსიდან. მათგან, რამდენიმე ოჯახი, მუნიციპალიტეტის დახმარებით, გადაყვანილია სასტუმროში, ვისაც ამისი საჭიროება ჰქონდა და დღესვე ვაპირებ მათთან შეხვედრას, სამომავლოდ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ერთად. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სამაშველო ჯგუფს, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქე უვნებლად ამოიყვანა ნანგრევბიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი გუშინდელი ეფექტიანი მუშაობა.
ჩვენ ვაგრძელებთ მთავრობასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობას მძიმე ავარიული კორპუსების გამაგრებაზე უფრო სწრაფი გამოსავლის მოძებნისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რუსთავის მერიაში მაქსიმალურად გამკაცრდება მიმდინარე საქმეებზე რეაგირება, ისეთ საქმეებზე, რომელიც ეხება ძველ კორპუსებში მიშენება-დაშენებას და ნებისმიერი სამშენებლო ჩარევის განხორციელებას. უახლოეს პერიოდში კი, სრულად ავკრძალავთ ძველ კორპუსებზე მსგავსი ტიპის ჩარევებს, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს კორპუსის ავარიულობამდე მიყვანას.
მთელი ღამის განმავლობაში, სამაშველო ჯგუფებთან ერთად ვმუშაობდით მუნიციპალიტეტი, მოხდა გაწმენდა ტერიტორიის. მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან შესწავალა და მას შემდეგ, რაც ისინი საბოლოო დასკვნას დადებენ, გვეცოდინება როგორც ზარალი, ასევე მდგომარეობა კორპუსის შესახებ", - განაცხადა ლაცაბიძემ.
"ინფო რუსთავმა" ლაცაბიძეს ჰკითხა, რატომ არ იყო გაყვანილი რეაბილიტაციის პროცესში კორპუსის ყველაზე ავარიული ნაწილიდან მოსახლეობა სრულად.
რუსთავის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იყო 1 ოჯახზე, სადაც სამუშაოები უშუალოდ მიმდინარეობდა.
"არსებულ კორპუსში, პროექტის მიხედვით, მიმდინარეობდა გამაგრების სამუშაოები, იყო 1 ოჯახი მუნიციპალიტეტის მხრიდან ქირით გაყვანილი, ისიც იმიტომ, რომ მისი სახლიდან ხდებიოდა საძირკვლის გამაგრება და იქ უშუალოდ მიმდინარეობდა სამუშაოები და არა იმიტომ, რომ საფრთხე იყო მთლიანად კორპუსისთვის. მსგავსი საფრთხის შესახებ ინფორმაცია არც პროექტში იყო აღნიშნული და არც გამაგრების დროს, შესაბამისი კომპანიის მხრიდან არ ყოფილა დაყენებული. შესაბამისად, გადაწყვეტილება იყო მიღებული 1 ოჯახზე, რომელთანაც უშუალოდ მიმდინარეობდა გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები", - განაცხადა ლაცაბიძემ.