ვითარება რუსთავში, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე

2022-12-23 00:07:08

რუსთავში, რუსთაველის ქუჩის საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, სასტუმროში 9 ოჯახია გადაყვანილი. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიაში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, კორპუსის მცხოვრებლების ნაწილმა სასტუმროში გადაყვანაზე უარი განაცხადა და ახლობლებთან განთავსდა.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას, რუსთაველის ქუჩაზე სპეციალური ტექნიკით ნანგრევების გასუფთავების სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

შეგახსენებთ, რუსთავში სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად, 40 წლამდე პირი დაშავდა. ქალმა, რომელიც ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს, მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ადგილზე საპატრულო-კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარებათა ეკიპაჟების სრული მობილიზაცია იყო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები