რუსთავში, შესაძლოა, 100 000 000 ევროს ღირებულების ინოვაციური პროექტი განხორციელდეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" "საქართველოს მწვანე ენერგიების განვითარების ფონდის" ხელმძღვანელმა, პაატა თექთუმანაშვილმა განუცხადა, პროექტის ფარგლებში 10 ჰექტარ მიწაზე უნდა გაშენდეს სპეციალური ინფრასტრუქტურა, სადაც მოიყვანენ სპეციალურ მცენარეებს, რომლებიც დაბინძურებული ჰაერით, გარემოში გამოყოფილი CO-თი იკვებებიან და გადამუშავების შემდეგ გამოყოფენ ჟანგბადს.
"უცხოელი პარტნიორები ჩამოყვანილი გვყავდა და ქალაქი დიდებულად იციან. ძირითადი მიზანია, ეკოლოგიურად არასუფთა ქალაქებში ეკოლოგიის გაუმჯობესება. ეს პროექტი კეთდება ძირითადად ისეთ ადგილებში, სადაც არის ცემენტისა და ქიმიური ქარხნები, სადაც გაიფრქვევა CO. ამ პროექტის ძირითადი საკვები არის CO, რომ მოვიყვანოთ წყალქვეშა მცენარეები, რომლებიც ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზე ხარობენ. ბიზნეს გეგმაც დამუშავებულია, 98 550 000 ევროა პროექტის ღირებულება. პროექტის ძირითადი დამფინანსებელი 50% ფრანგული კომპანია, დანარჩენზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, და, იმედია, წმინდა პოლიტიკურად ყველაფერი კარგად იქნება ამ ქვეყანაში.
რუსთავის მუნიციპალიტეტთან ერთადერთი სათხოვარი გვაქვს, რომ 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც არის ცემენტის ქარხანა, აზოტისა და თბოელექტრო სადგური.
ამ პროექტის განხორციელება რას მისცემს ქალაქს? ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ფრანგულ, შვეიცარიულ კომპანიებთან, თუ ნედლეულს საქართველოში დავამზადებთ, უღირთ გაკეთდეს ფარმაკოლოგიის ქარხანა.
ერთი საინტერესო მომენტია, ჩვენი თხოვნა არ ყოფილა, ფრანგებმა თავად შემოგვთავაზეს, რადგანაც სპეციფიური სპეციალისტებია საჭირო, როგორც კი გადაწყდება საკითხი, სამ-სამი თვით 30-30 კაცს კომპანია წაიყვანს საკუთარ ქარხნებში, რომ ამ ადამიანებმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და ჩამოსვლის შემდეგ ისინი აქვე დასაქმდებიან.
პროექტი შესაძლოა 12 თვეში გაკეთდეს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" პაატა თექთუმანაშვილმა.
პროექტის ავტორების თქმით, 1 ჰექტარზე გაშენებული აღნიშნული წყალმცენარე აკეთებს იმდენივე საქმეს, რასაც 90 ჰექტარი ხე-ტყე.
პროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ენერგიების განვითარების ფონდის" წარმომადგენლებმა რუსთავის საკრებულოში ქონების მართვისა კომისიის სხდომაზე ისაუბრეს.