"არ თხრი, რატომ არ თხრი, გადათხრი და რატომაა გადათხრილი"

2022-11-10 12:31:55

"მერწმუნეთ, დღეს რაც მიმდინარეობს შემოსასვლელი, შარტავა და დანარჩენი მოედნების რეაბილიტაცია, არის ვადებში და ხარისხიანად გაკეთებული, ვცდილობთ, რომ ასევე ხარისხიანად დასრულდეს მიწის ზედა, რასაც ბოლოს დაინახავთ",- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა.

კითხვა ქალაქში ცენტრალური მოედნებისა და შემოსასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების ალამის" წარმომადგენელმა, თემურ ცათიაშვილმა მერს ჰკითხა, რატომ არის ცენტრალური მოედნები ამდენი ხნის განმავლობაში გადათხრილი და ხომ არ არის ვადებში დარღვევა.

"მოედნების რეაბილიტაციის პერიოდში გამოიცვლება მილები, რომლებიც სავალალო მდგომარეობაში კი არა კატასტროფა იყო, ჩვენ რაც ვნახეთ, როდესაც მიწა გავხსენით, რაზეც ჯივიპი თავის დროზე უარს ამბობდა, რომ იქ არ იყო ამორტიზირებული მილები და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამ ფენას მოვხსნიდით და მერე გადავაგებდით ძალიან მარტივად ასფალტს. დავიწყეთ მოლაპარაკება და ჩვენ არ ვაკეთებთ პროექტებს ერთი დღისთვის, ჩვენ ვაკეთებთ პროექტებს ძალიან ბევრი წლისთვის და ეს მდგრადობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ კომენტარებს, სიჩქარეს, რა როგორ აღიქმება მოსახლეობაში, ჯობია, ხუთ წელში როგორ იმუშავებს ის პროექტები, რომელსაც ჩვენ დღეს ვასრულებთ.

ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანიც მწერს, მაგრამ ძალიან ბევრი მწერს, რომ დისკომფორტი გვაქვს, მაგრამ გაგებით ვეკიდებით.

თუ გაგებით არ მოვეკიდებით პროექტებს, არცერთ კომპანიას, არცერთ საჯარო მოხელეს აღარ გაუჩნდება სურვილი, რომ ქალაქში რამე გააკეთოს. არ თხრი რატომ არ თხრი, გადათხრი და რატომაა გადათხრილი. ამას აქვს ვადები. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვყიდულობთ პროექტს და მუნიციპალიტეტი ტენდერზე ვაცხადებთ, პროცესი რომ ვაკონტროლოთ ესეც არის სპეციალური აკრედიტებული კომპანიები საზედამხედველო, რომლებიც ამ პროცეს აკვირდებიან და ფარული სამუშაოებიდან დაწყებული, გეგმა-გრაფიკით და მოცულობებით აბსოლუტურად ყველაფრის გაანგარიშებას აკეთებენ და დასკვნების საფუძველზე იღებს ეს კომპანია ჩვენი მხრიდან თანხას.

მე პირადად ვარ ჩართული და ჩემზე მეტჯერ, მე მგონი, მერიიდან ბევრი თანამშრომელიც არ ყოფილა, იმდენჯერ დავდივარ დღე თუ ღამე ამ პროექტებზე. რომ ვისაუბროთ, იქ როგორი ურდული დაყენდა, უნდა დაყენებულიყო თუ არა, იმდენად ფუნდამენტურად გავაკეთეთ შარტავა, ევროპული სტანდარტი რასაც მოითხოვს ისეა. წყლის პრობლემა იყო, მთლიანი კვარტლები ითიშებოდა, ის ურდულები და სისტემა, რომელსაც ჩვენ ახლა ვაყენებთ, საშუალებას მოგვცემს ავარიებისა და მილების გამოცვლის შემთხვევაში ჩვენ არ მოგვიწიოს ძველი რუსთავის, მთელი ქალაქის, ახალი რუსთავის გადაკეტვა, უბნებად და სეგმენტებად დავყოთ.

ბევრი ტექნიკური დეტალია, რაზეც, შესაძლოა მეც კომპეტენცია არ მეყოს და სრულად ვერ მოგიყვეთ, ან მოგიყვეთ და თქვენთვის საინტერესო არ იყოს. ერთი, რაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, ჩვენი თითოეული ნაბიჯი, გაწელილი დრო, ან ის დრო, რაც შეიძლება თქვენ დიდად გეჩვენებათ, არის იმისკენ მიმართული, რომ ხარისხიანად, სწორად და ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი ჩართვის შესრულდეს.

ხანდახან, ერთი რომ იტყვის ეს სწორია, ამას ვამოწმებთ სხვა მცოდნე ადამიანთან, რამე არ გამოგვეპაროს. სადღაც შეიძლება შეცდომაც დავუშვათ, ისე არ გამოვიდეს, კომპანიამაც ვადები არ შეასრულოს. თუმცა მერწმუნეთ, დღეს რაც მიმდინარეობს შემოსასვლელი შარტავა და დანარჩენი მოედნების რეაბილიტაცია, არის ვადებში და ხარისხიანად გაკეთებული, ვცდილობთ, რომ ასევე ხარისხიანად დასრულდეს მიწის ზედა, რასაც ბოლოს დაინახავთ",- განაცხადა ლაცაბიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები