მოიმატა თუ არა სეზონური ვირუსების რიცხვმა რუსთავში

2022-11-06 10:58:07

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში, სეზონური ვირუსული ინფექციების გამო პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა აბულაშვილმა განუცხადა, მატება საგანგაშო არ არის.

ამ ეტაპზე კლინიკაში 40 საწოლიდან 32 დაკავებულია. აბულაძის თქმით, პაციენტებს შორის თანაბრადაა ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვები. მათთან მკურნალობს ასევე 5 ჩვილი.

"რომ ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი დაიწყო, ასე არა არის. საერთოდ ამ დროს შედარებით ცოტა მომატებულია მაგრამ, ისე რომ გაუსაძლისი მდგომარეობა იყოს, არა. ზაფხულთან შედარებით გაზრდილია.

ამ ეტაპზე ძირითადად რინო და ადენო ვირუსებია. საავადმყოფოში 32 პაციენტია, მთლიანად არ არის შევსებული, ადგილები არის, დეფიციტი არაა",- აცხადებს აბულაძე.

ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის რეკომენდაცია მშობლებისთვის პირველ რიგში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.

"რეკომენდაციაა, რა თქმა უნდა, ვაქცინაციაა პირველ რიგში, გრიპის საწინააღმდეგო. შემდეგ ჰიგიენური ნორმები, რაც იყო კოვიდის დროს. დისტანცია, პირბადე, თუ დაავადებულთან აქვთ კონტაქტი, ხშირი გასუფთავება და განიავება ოთახის, პირადი ჰიგიენის დაცვა",- ამბობს მარინა აბულაძე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები