"ერთიანად კი არა, ნაწილობრივაც ვერ ახერხებენ პრობლემების მოგვარებას"

2022-11-03 16:05:31

"ერთიანად კი არა, ნაწილობრივაც ვერ ახერხებენ პრობლემების მოგვარებას", - ასე უპასუხა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე ბერიძემ ქალაქის მერს, ნინო ლაცაბიძეს, რომელმაც ოპოზიციას მოუწოდა, წარმოადგინონ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ხედავენ რუსთავში ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარების გზებს.

ბერიძის განცხადებით, ენმ პრობლემების მოგვარების გეგმას აღმასრულებელ ხელისუფლებას 2016 წლიდან სთავაზობს.

"თვითმმართველობაში 8 წელია არის "ქართული ოცნების" გუნდი და ყოველ ახალ ჯერზე ხდება ის, რომ ახლადარჩეული მერი წინა მერის პასუხისმგებლობას არ იღებს. რა მნიშვნელობა აქვს რომელი მერი იყო, მათი გუნდი, მათი წარმომადგენლობა ხომ იყო.

2016 წლიდან დაწერილი ფორმით ვთავაზობთ რუსთავში პობლემების მოგვარების გზას, ჩვენთვის და ჩვენი გეგმისთვის რომ დაეჯერებინათ. ერთიანად მოგვარების პრობლემა ეს არის უტრირება.

ამ ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ ოპოზიციური საკრებულო არ უჭერს ბიუჯეტს მხარს, როცა ბიუჯეტში ცვლილება უკვე მიღებული გვქონდა, სანამ მერი ბრიფინგს ჩაატარებდა", - განაცხადა ბერიძემ.

შეგახსენებთ, ქალაქის მერმა 28 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა, სადაც საკრებულოს ოპოზიციურ ფრთას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს რუსთავში არსებული ყველა პრობლემა ერთდროულად, კონკრეტული გეგმის წარმოდგენა მოსთხოვა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები