რუსთავის საკრებულოს ენმ-ის წევრების ინიციატივა

2022-11-03 14:28:19

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმარების საკუთარ ვერსიას წარადგენს.

ფრაქციის წევრების თქმით, ისინი მოსახლეობასთან კარდაკარ ივლიან და 2023 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ პრიორიტეტებს ასე განსაზღვრავენ.

საკრებულოს თავმჯომარის მოადგილის, ალექსანდრე ბერიძის თქმით, პრობლემების ინვენტარიზაცია 1 კვირის ვადაში მოხდება, შემდეგ კი ფრაქცია მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით საკრებულოში პრეზენტაციას ჩაატარებს.

"მთელი ქალაქის მასშტაბით კიდევ ერთხელ ვაკეთებთ პრობლემების ინვენტარიზაციას. ყველა კორპუსში, ყველა დასახლებულ პუნქტში, მივალთ თითოეულ ადამიანთან და უშუალოდ მათგან აღრიცხულ პრობლემებს მოვიტანთ საკრებულოში და შევეცდებით, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად იყოს მორგებული რუსთაველების საჭიროებაზე, რომელიც თავიანთი დასახელებული იქნება და არა ვინმეს აღნუსხული. არ იქნება არცერთი დასახლებული პუნქტი, არცერთი კორპუსი, სადაც ჩვენ არ შევალთ. ამის ინვენტარიზაციას ჩვენ 1 კვირის განმავლობაში გავაკეთებთ და შემდეგ იქნება პრეზენტაცია, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი", - განაცხადა ბერიძემ.

"ინფო რუსთავმა" საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ჰკითხა, თუ ვერ მოხდა მერიის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტისა და მათ მიერ შემუშავებული ვერსიის თანხვედრაში მოსვლა, დაუჭერენ თუ არა ენმ-ის წევრები ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას მხარს.

ბერიძის თქმით, თუ ბიუჯეტი ქალაქზე მორგებული არ იქნება, ასეთი ბიუჯეტის მიღებას მათი ფრაქცია მხარს არ დაუჭერს.

"ჩვენ დავუჭერთ მხოლოდ ისეთ ბიუჯეტს მხარს, რომელიც იქნება მოსახლეობის პრობლემებზე მოპასუხე და მათი პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული. ისეთ ბიუჯეტს, რომელიც წინა საკრებულომ მიიღო, ჩვენ მხარს რომ არ დავუჭრრდით, სწორედ ამიტომ მიაღებინეს წინა საკრებულოს წესის გარეშე ეს. თუ ბიუჯეტი არ იქნება ქალაქზე მორგებული, ჩვენ ასეთ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ და არ დავამტკიცებთ", - აცხადებს ალექსანდრე ბერიძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები