"უმძიმესია ის ტრაგედია, რომელიც გუშინ მოხდა"

2022-10-28 19:39:35

"ეს არის უმძიმესი ფაქტი თითოეული ჩვენგანისთვის. უმძიმესია ის ტრაგედია, რომელიც გუშინ მოხდა", - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტებმა ლაცაბიძეს ჰკითხეს, ვისი პასუხისმგებლობაა ქალაქში მუნიციპალური ავტობუსის შეჯახების შედეგად ბავშვის გარდაცვალება.

როგორც რუსთავის მერმა აღნიშნა, ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.

"ეს არის უმძიმესი ფაქტი თითოეული ჩვენგანისთვის. უმძიმესია ის ტრაგედია, რომელიც გუშინ მოხდა და ყველა ძალიან განვიცდით ამას. რაც შეეხება დანარჩენს, მე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას ალბათ ვერ შევძლებ იმიტომ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, გამძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მძღოლი, რომელიც მართავდა ავტობუსს, ჩვენთვის ორმაგად მძიმეა. უფრო მეტ დეტალზე უნდა დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ლაცაბიძემ.

ლაცაბიძეს "ინფო რუსთავმა" ასევე ჰკითხა, რა პოზიცია აქვს მერიას იმ შენიშვნებზე, რომელიც რუსთაველების ნაწილს ავტობუსების მუშაობასთან დაკავშირებით აქვს.

"რაც შეეხება შენიშვნებს, ჩვენ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა იმისგან, რაც მოხდა გუშინ, დაზღვეული არავინ არ ვართ, ამ მძიმე მოვლენისგან, რაც ძალიან სამწუხაროა. იცით, რომ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა ამ ტრაგედიასთან ერთად, ახლა იმაზე საუბარი, თუ რა გავაუმჯობესეთ, ცოტა უხერხულია", - განაცხადა რუსთავის მერმა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები